არსში წვდომა

ფასს 9-ის დანერგვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის

პრაქტიკული სემინარი

15 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, დელოიტის ორგანიზებითა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა პრაქტიკული სემინარი - „ფასს 9-ის დანერგვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის“.

2016 წლის ივნისიდან ძალაში შევიდა აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის ახალი რეგულაციები. აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდებს ფასს-ის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგების მომზადებაზე, მის გამოყენებაზე, გამოქვეყნებასა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული ფინანსური წლის ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ ფასს-ის შესაბამისად და ასევე უზრუნველყონ მისი აუდიტი. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიდგომა ემთხვევა კანონის მოთხოვნას ფასს-ზე გადასვლასთან დაკავშირებით.   

ფასს 9-სთან შესაბამისობა ერთ-ერთი ყველაზე  პრობლემატური საკითხია ფინანსური ინსტიტუტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღია 2018 წლის 1 იანვარი და ეროვნული ბანკიც მუშაობს შესაბამის მიდგომებზე. აუცილებელია ამ კუთხით მზადება უკვე დაიწყონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რათა ცვლილებების დანერგვა ეფექტურად წარიმართოს მომავალში.

დელოიტის სპეციალისტებმა სემინარზე მიმოიხილეს ფასს 9 და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და  პრაქტიკული რეკომენდაციები ძირითადი სირთულეების დასაძლევად, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს გაუზიარეს მათი მოსაზრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის თემაზე.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებამ ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა სემინარის მონაწილეთა აქტიური ჩართულობა საკითხების განხილვის პროცესში.  

ჩამოტვირთეთ დოკუმენტის PDF ვერსია
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები